22/06/2025
შოთა რუსთველის სახელობის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით პროფესორ დავით ნარმანიას მონაწილეობა ლონდონში გამართულ საერთაშორისო აკადემიურ კონფერენციაში
2025 წლის 9-11 ივნისს პრაღის ეკონომიკისა და ბიზნესის უნივერსიტეტის, სოციალურ და ეკონომიკურ მეცნიერებათა საერთაშორისო ინსტიტუტისა და ESCP ბიზნეს სკოლის თანამშრომლობით გაიმართა ეკონომიკის, ფინანსებისა და ბიზნესის საერთაშორისო კონფერენცია. ღონისძიებამ, რომელიც ჩატარდა ლონდონში, ESCP ბიზნეს სკოლის კამპუსში, გააერთიანა სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერები და ექსპერტები ეკონომიკისა და ბიზნესის სფეროში არსებული თანამედროვე გამოწვევებისა და ინოვაციური მიდგომების განსახილველად.
შოთა რუსთველის სახელობის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო პროფესორმა დავით ნარმანიამ. მისი მოხსენება - „ენერგეტიკული უსაფრთხოება: თანამედროვე მიდგომები და ტენდენციები“- მიმოიხილავდა გლობალურ ენერგეტიკულ საფრთხეებს, რომლებიც გამოწვეულია გეოპოლიტიკური არასტაბილურობით, კლიმატის ცვლილებითა და ციფრული რისკების ზრდით. მოხსენებაში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საერთაშორისო თანამშრომლობისა და მდგრადი სტრატეგიების მნიშვნელობას ენერგეტიკული უსაფრთხოების გრძელვადიანი უზრუნველყოფისთვის.
ენერგეტიკული რესურსების და პოლიტიკის ურთიერთკავშირს მიეძღვნა კონფერენციის ორი პლენარული სესია, რომელსაც პროფესორი ვენგ სი კუანი ხელმძღვანელობდა. კონფერენციის ფარგლებში დელეგატებს ასევე მიეცათ შესაძლებლობა, მონაწილეობა მიეღოთ ოქსფორდში გამართულ ერთობლივ საგანმანათლებლო ტურში, რამაც მნიშვნელოვნად გაამდიდრა მათი აკადემიური და კულტურული გამოცდილება.
პროფესორ დავით ნარმანიას მონაწილეობა აღნიშნულ საერთაშორისო ფორუმში ასახავს საქართველოს აქტიურ ჩართულობას გლობალურ სამეცნიერო დიალოგში და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ენერგეტიკული უსაფრთხოების კვლევისა და პოლიტიკის განვითარებაში.